დიზელგეითის სკანდალი გრძელდება -  აშშ-ს სასამართლოში BMW და Bosch-ის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა

აშშ-ში გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW-ს და მისთვის ნაწილების მიმწოდებელი ასევე გერმანული Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა. სარჩელში დიზელისძრავიან ავტომობილებში ემისიების მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით სავარაუდო მანიპულაციური სქემა დეტალურად არის აღწერილი.

სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2018 წელს მარტში დაიწყო, თუმცა მოსამარლემ საქმე გადადო და მოსარჩელეებს მისცა შესაძლებლობა გადაეხედათ საკუთარი ბრალდებისთვის, იუწყება Die Welt-ი.

ორშაბათს კი იურიდიულმა კომპანიამ Hagens Berman ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა სარჩელით, სადაც ამტკიცებს, რომ BMW-ს ავტომობილებს იმავე მოწყობილობა აქვს, რომელიც გამოიყენებოდა Volkswagen-ის დიზელისძრავიან ავტომობილებში, რომელიც გამონაბოლქვის მონაცემების მაჩვენებელს დაბლა სწევს.

სარჩელი ეხება BMW-ს ათიათასობით დიზელისძრავიან ავტომობილს, მოდელებს X5 და 335d, რომლებიც 2009-2013 წლებშია გაყიდული. მოსარჩელეების განცხადებით, რეალური ემისიები 27-ჯერ აღემატება შტატებში დაშვებულ ნორმას - წერს Deutsche Welle.

როგორც ცნობილია, Bosch არის მთავარი მიმწოდებელი კომპანია BMW-სთვის მაკომპლექტებელი დეტალების და სწორედ მისი წარმოებისაა ის პროგრამული უზრუნველყოფის აპარატი, რომელიც ამ მაქინაციებშია აღწერილი.

„დიზელგეითის“ სკანდალი უკვე წლებია გრძელდება. მან პირველად 2015 წელს იფეთქა, როცა აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანული Volkswagen 20 მილიონ გაყიდულ ავტომობილში ემისიების მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამას შედეგად მოჰყვა ავტომობილების მასიურად უკან გაწვევა. თავად კომპანიამ კი შტატების ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას და სკანდალის დარეგულირება 18 მილიარდი დოლარი დაუჯდა ჯარიმების სახით.

კოკა კვირკველია