პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
დიმიტრი გაბუნია საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
როგორც გაბუნიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უპასუხებს ამ საქმის გარშემო გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. მისივე თქმით, თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი ამ საქმესთან მიმართებით.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას დიმიტრი გაბუნიას ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
2019 წლის 18 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გაბუნია ფლობს 77 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 70 000 დოლარად აქვს შეძენილი; მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი BMW 550 XI, რომელიც 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე, 88,98 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 50 000 ლარი ჰქონდა.
ამასთან, გაბუნია არის სპს „გაბუნია და პარტნიორების“ – 50%-იანი, შპს „გაბუნია და პარტნიორების“ - 45%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „ჯი ეს ეი კონსალტინგის“ – 33.3%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის“ – 25%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „გაბუნია პარტნიორები და კონსალტინგის“ – 40%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად) და შპს „ჯი ეს ლიგალის“ – 50%-იანი წილის მფლობელი (წილი სამართავად სხვაზეა გადაცემული). თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთ კომპანიაში საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსავალი არ მიუღია. ასევე დეკლარაციის შევსების მომენტში მას რამდენიმე სესხიც ჰქონდა.
დიმიტრი გაბუნია დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. გაბუნიას დედა ფლობს 37,57 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ბანკში 1000 ლარი ჰქონდა. ამასთან, გასულ წელს გაბუნიას დედას შემწეობის სახით 12 000 ლარი აქვს მიღებული.