თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 19 მილიონი ლარის ჯარიმებია გამოწერილი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეული მიმართულებებით ჯარიმები გასამკაცრებელია.
„მინდა შევეხო მუნიციპალური ინსპექციის მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და გასულ წელს როგორც იცით, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ მიდგომები და ჯარიმები. ასევე გავზარდეთ ჯარიმების რაოდენობა. ჯამში, მუნიციპალური ინპექციის მიერ, 1 იანვრიდან დღემდე შედგენილია დაახლოებით, ათასზე მეტი ოქმი. ჯარიმების ოდენობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა სწორი იყო, თუმცა მთავარი იდეა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შემცირდეს და არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ტანზა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. მინდა დეველოპერებს მოვუწოდო, მაქსიმალურად გაამკაცრონ თავიანთი მიდგომები, დამოკიდებულება გაამკაცრონ და კანონის ფარგლებში ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც არის მოთხოვნილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაჯარიმებები მოხდეს",- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, სამშენებლო ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს.
„ასევე, მნიშვნელოვანია სამშენებლო ნარჩენების დაყრის თვალსაზრისით ინსპექტირების შედეგები. როდესაც მიდის მშნებელობები, მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი გვაქვს კონკრეტული ადგილები და ეს იცის ყველა მშენებელმა, ისინი სადაც ნახავენ ცარიელ ტერიტორიას, რაც შეიძლება კერძო საკუთრებაც იყოს, მიდიან და ამ ნაგავს ყრიან. ამიტომ მინდა დაგავალოთ, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავიწყოთ კანონში ცვლილებების შეტანა, რომ გაიზარდის ჯარიმები. მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმ რაოდენობის ჯარიმები, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დღე და ღამე აქვთ გაერთიანებული, ყარაულობენ, დაყვებიან მანქანებს, რომ არასწორ ადგილზე არ დაიყაროს ნაგავი. მიუხედავად ამისა, გვაქვს პრობლემები. 1000-მდე არის გამოწერილი ოქმების რაოდენობა და 700 ათას ლარამდეა შემოსული დაჯარიმებებიდან", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ხმაურის კონტროლის მიმართულებით და აღნიშნა, რომ დაჯარიმების 250 ოქმია გამოწერილი.
„მუნიციპალური ინსპექცია ასევე ხმაურის კონტროლის მიმართულებით მუშაობს და ამ კუთხით მოქალაქეებიდან საჩივრები ინტენსიურად შემოდის. დაახლოებით, 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები ზაფხულის პერიოდში უფრო მატულობს ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს ხმაური აწუხებთ. ამას სჭირდება დარეგულირება. დროთა განმავლობაში ამასაც დავარეგულირებთ. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს და მის ხელმძღვანელობას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, წესრიგია ქალაქში საჭირო. ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო დონეზეა საჭირო, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ასევე გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდანაც ",- განაცხადა კახა კალაძემ.