თბილისის მერიამ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო კომისიაში განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 634 083 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების ახალი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის, მათ შორის ნებისმიერი ღირებულების, ერთი ან განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული გზების, აგრეთვე, ხიდების ან/და ესტაკადების ან/და გზაგამტარების მშენებლობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს მინიმალური რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში.
აღნიშნული კვანძის მშენებლობა მთლიანად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება - 2019 წელს - 15%; 2020 წელს - 85%.
შეგახსენებთ, რომ „ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა. ე.წ. დაკიდულ ხიდს მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიები დაასახელა.
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდებოდა. 2017 წლის დასაწყისში ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ჯერ თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე გააკეთა, შემდეგ კი ხიდის პროექტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.
მერად არჩევიდან თითქმის 2 წლის თავზე კახა კალაძემ ამ ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება კიდევ ერთხელ გაააკეთა.
„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რათა შევარჩიოთ, თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი კომპანია. ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას. ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი დაუკავშირდება სამტრედიის ქუჩას“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ.
დღეს კი მერიამ ე.წ. დაკიდული ხიდების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.