საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4 400-ით, ხოლო, მთლიანი პორტფელი - 5 045 მილიონიდან 5 310 მილიონ ლარამდე.
102 700 ხელშეკრულებიდან 28300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი - 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 სექტემბრის მდგომარეობთ 14.26% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 სექტემბრის მონაცემებით 37500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09%-ში. მთლიანი პორტფელი, კი - 1 690.60 მილიონი ლარია.
33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 696.20 მილიონი ლარია. აქედან, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი - 1 სექტემბრის მონაცემებით, 1 746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 სექტემბრის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36%-ში გაასესხეს.
ასევე, გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30%-ია. მათ შორის, ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 11.28%-მდეა შემცირებული.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნულ ბანკს შეეძლო დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება. თუმცა, ეროვნული ბანკი 9 თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ფასების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ისეთი ერთჯერადი ფაქტორით, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება, რომელიც წლის ბოლოსთვის აღმოიფხვრებოდა და ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა ფაქტია, რომ ფულადი ნაკადების შემოდინების კლება (შემცირებაა როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე ინვესტიციების კუთხით) და უარყოფითი მოლოდინების არსებობა, საკმაოდ დიდი წნეხია ინფლაციაზე და იგი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს (აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საშუალება შეუზღუდა, რადგან ეს ეკონომიკის კიდევ უფრო შენელებას გამოიწვევდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის ნაცვლად, მივიღეთ პოლიტიკის გამკაცრება, უმოკლეს ვადებში და ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმში. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ასევე, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარში გასაცემ და გაცემულ სესხებზე.