დაგვიანებული მშენებლობები და შეცვლილი სახელი - რა ვიცით კომპანიებზე, რომლებიც კახა კალაძემ „ბოლოჯერ გააფრთხილა“

„ენსისი“ და „ინშაათ საქართველო“ - ეს ის 2 სამშენებლო კომპანია, რომელიც კახა კალაძემ გაჭიანურებული სამუშაოებისთვის „ბოლოჯერ გააფრთხილა“. ერთ-ერთმა ტენდერში გამარჯვების შემდეგ, სამუშაობეის მიმდინარეობისას რეორგნიზაცია გამოაცხადა და დღეს სხვა სახელით ოპერირებს. მეორე კომპანია კი უცხოური საწარმოს წარმომადგენლობას წარმოადგენს და დაგვიანებული მშენებლობების გამო გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო, თანაც, არა მხოლოდ თბილისის მერისგან.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიები დღეს მთავრობის სხდომაზე გააფრთხილა. როგორც კალაძემ განაცხადა, ის კომპანიებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. მისივე თქმით, მერია მათ სხვა, მათ შორის უცხოური კომპანიებით ჩაანაცვლებს.

გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის 1-ელ მაისს დაიწყო და მერიის პროგნოზით, ის 2020 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. ორივე ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „ენსისიმ“ გაიმარჯვა. რეესტრის მიხედვით, ტენდერში გამარჯვების პერიოდში კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გიორგი ქელბაქიანი იყო (თბილისის წყლის ყოფილი დირექტორი), 30%-ის კი გიორგი გოგიბერიძე. თუმცა 2019 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა სუბიექტის რეორგანიზაცია. „ენსისის“ რეორგანიზაციის შედეგად გამოიყო/შეიქმნა ახალი შპს „ქონსთრაქშენ გრუპი“, სადაც გიორგი ქელბაქიანი უკვე 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც გახდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ენსისის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაშიც ფიგურირებდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შპს „ენსისი“ მსხვილი მიმწოდებლების სიაში ლიდერობდა და კომპანიას ტენდერების გზით 21 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. ორგანიზაციის ცნობით, „ენსისი“ ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც, კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

კომპანიას 3 ძირითადი მიმართულება გააჩნია: სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და საშენი მასალების წარმოება. მართალია, კომპანია მხოლოდ 2009 წელს დაფუძნდა, მაგრამ მის სახელს უკავშირდება რიყის პარკისა და ცნობილი მუსიკალური ჰოლის - ე.წ. რიყის დოქების მშენებლობა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი, გიორგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ. გარდა ამისა, მიმდინარეობდა გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდაბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ და თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. გიორგი (გეგი) ქელბაქიანი სასამართლომ გირაო შეუფარდა.

ამ ფაქტის შემდეგ ქელბაქიანის კომპანიამ, როგორ უკვე აღვნიშნეთ, არაერთ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. „ენსისი“ დღეს აშენებს ორთაჭალაში „ბიზნეს სახლსაც“. ცნობისთვის, აღნიშნულ პროექტზე ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდა, პირველი ტენდერი, რომელშიც „ენსისმა“ გაიმარჯვა შენობის საფუძვლის, შავი კარკასის და მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ეხებოდა, ტენდერის მიხედვით, პროექტის ღირებულება 11 528 940 ლარი იყო, „ენსისის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 10 086 659 ლარია.

„ენსისიმ“ დაასრულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული პროექტი - ზაჰესის ხიდის მშენებლობა. მანამდე კი სამშენებლო სამუშაოებს მერიის ტენდერში გამარჯვებული შპს „ხიდმშენი 99“ აწარმოებდა. ამასთან, „ენსისიმ“ ააშენა ვაშლიჯვრისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ესტაკადა.

რაც შეეხება კიკვიძის პარკს, მისი რეაბილიტაცია 2019 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და მერიის პროგნოზით, 2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა წინა პროექტის ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც კომპანია დათქმულ ვადებში სავარაუდოდ, ვერ ჩაჯდება. კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია აზერბაიჯანული საწარმოს ფილიალი საქართველოში „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. რეესტრის მიხედვით, კომპანია საქართველოში 2013წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, „ინშაათ საქართველოს“ მონაწილეობა მიღებული აქვს 81 ტენდერში, საიდანაც მხოლოდ 18%-ში გაიმარჯვა, 64% - ში წააგო, მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 15 055 069 ლარს შეადგენს. „ინშაათ საქართველო “ ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც, კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 424 115 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

2018 წელს „ინშაათ საქართველოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რამდენადაც საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის პირობები დაარღვია. იმავე წელს, „ინშაათ საქართველო“ პროექტის გაჭიანურების გამო 4-ჯერ გაუგრძელა ვადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამაც. კომპანია ხაშურში სპორტკომპლექსს აშენებდა.

„ინშაათ საქართველოს“ სურდა თბილისში დიღმის ჭალების განაშენიანებაც, ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამარჯვებულად სატენდერო კომისიამ „გრინსერვისი+“ ცნო.

ელზა წიკლაური