2018 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 17 375 ბავშვი დაიბადა, რაც ბავშვების 34 %-ს შეადგენს

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 17 375 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებული ბავშვების 34 %-ს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკურ ანგარიშშია აღნიშნული.

„საქსტატის“ განმარტებით, რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განპირობებულია რელიგიური ქორწინებების გავრცელებით, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ცოცხლად 9.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. გასულ წელს 438 მკვდრადშობილი დაიბადა, რაც 21.5 პროცენტით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით.

2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 9.6 პროცენტით შემცირდა. ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა ქ. თბილისში (31.6 პროცენტი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.6 პროცენტი).]

გასულ წელს, საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 46 524 კაცი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (26.1%), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.4 %).

“2018 წელს, 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელთან შედარებით 0.9 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა. 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილებში ყველაზე დიდი წილი ნეონატალურ (დაბადების მომენტიდან სიცოცხლის 28-ე დღემდე) პერიოდში მოდის,” - აღნიშნულია ანგარიშში.