აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ 65 ოჯახს ბინები გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა საკითხი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ესეც ათეული წლებია პრობლემას წარმოდგენს და ვერ ხერხდება მოგვარება. ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და შედეგებიც გვაქვს. მიხარია, რომ ჩემი მერობის პირობებში დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება.
ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გვქონდა გამოცხადებული. ეს არის აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე. ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.
დღეს უკვე ჩვენ გვაქვს იმ 65 ოჯახის სია, რომლებიც სწორედ ამ მისამართზე დაკმაყოფილდებიან ბინებით. დაზარალებული ოჯახების შერჩევა მოხდა სოციალური ქულების საფუძველზე. მათ ჯამში 4400 კვ.მ.-ის საცხოვრებელ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს კომპანია ამ ოჯახებს“, - განაცხადა კალაძემ.