პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა. აეროპორტ „დასინის“ გახსნა თავდაპირველად 30 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა თარიღმა გადმოიწია და დღეიდან ეს აეროპორტი პირველ მგზავრებს მოემსახურება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა 80 მილიარდი იუანი (11,7 მილიარდი დოლარი) დაჯდა და ის ამ მხრივაც ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში.

დასინი პეკინის სამხრეთით 46 კმ დაშორებით მდებარეობს და მისი ექსპლუატაციაში შესვლა მგზავრთნაკადის ოპტიმიზირებას შეუწყობს ხელს.

გეგმის თანახმად, გახსნის დროისთვის აეროპორტის გამტარუნარიანობამ 45 მილიონი მგზავრი უნდა შეადგინოს წლიურად, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამსუბუქოს პეკინში საჰაერო ნაკადების გადატვირთულობა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის. უკვე 2025 წლისთვის კი მას 72 მილიონი მგზავრის მიღება შეეძლება, 2040 წელს კი დაგეგმილია ამ ციფრის 100 მილიონამდე გაზრდა.

კოკა კვირკველია