სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში, ცაცხვში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში და ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 85,200 ღერი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.