ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წლის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სადგურ სვირი - ცხენთარო - აჯამეთის 10 კმ - მდე საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მასშტაბურ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 300 000 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ინფორმაცია, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმ დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ გააცნეს.
„საავტომობილო გზის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით იგეგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო - სამშენებლო კომპანია „ინდიკო“ შეასრულებს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთს, რომელიც 3 სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 1500-ზე მეტი ოჯახი შეძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.