საქართველოში საბანკო მავნე პროგრამებისგან მობილურ მომხმარებელთა 0,08 %-ი დაზარალდა

2019 წლის მეორე კვარტალში მობილური ტროიანელები საქართველოს მომხმარებელთა 0.08%-ს დაესხნენ თავს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში 0.07% -ს, სომხეთში კი - 0.1% -ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპერსკის ლაბორატორია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მაჩვენებლით საქართველომ იმ ქვეყნების ათეულში, რომელთა მობილური მოწყობილობებიც საბანკო ტროიანელების თავდასხმას დაექვემდებარნენ, მე -9 ადგილი დაიკავა.

ამასთან, ლაბორატორიის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში გამოავლინეს მობილური საბანკო ტროიანელების დაახლოებით, 13.899 სამონტაჟო პაკეტი, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიბერდამნაშავეები მობილურ მოწყობილობებს საბანკო ტროიანელებით მომხმარებელთა საბანკო ბარათებისა და აპლიკაციების მონაცემთა მისათვისებლად ავირუსებენ.

„უკვე დაინსტალირებული მავნებელი გადაფარავს საბანკო პროგრამას, ხოლო ტროიანელის ინტერფეისში შეტანილი საბანკო მონაცემები გადაეცემა კიბერდანამნაშავეებს. ისინი ასევე მსხვერპლისკენ გზას იკაფავენ იმ საბანკო ტროიანელების საშუალებით, რომლებიც ახდენენ საბანკო მესიჯების მიტაცებას დადასტურების კოდებით.

მობილურმა მომხმარებლებმა არ უნდა გადასცენ პერსონალური და საბანკო მონაცემები ვინმეს ინტერნეტით, განსაკუთრებით მათ, ვინც "ითხოვს" ამის გაკეთებას "მომგებიანი" შეთავაზებების საპასუხოდ. ასევე, არ გადმოწეროთ პროგრამები არაოფიციალური წყაროებიდან, რადგან საბანკო ტროიანელები ხშირად იტვირთებიან ასეთ სისტემაზე განთავსებულ სხვა პროგრამების პაკეტებთან ერთად. ხოლო ნებისმიერი ტროიანელისაგან და სხვა მავნე პროგრამებისაგან თავის დასაცავად თქვენს მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააინსტალიროთ საიმედო ანტივირუსი რაც ხელს შეუშლის მათ ინსტალაციას და მავნე საიტებზე ვიზიტსაც,“-აღნიშნულია ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი