დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი მოეწყოს

დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი მოეწყოს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრამდე 24-მეტრიანი ავტობუსები ივლიან.

„15-წლიანი გენერალური გეგმა დაგვანახებს რა ახალი გზები, ხიდები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად ტრამვაისთვის და ახალი მეტრო სად უნდა დაიგეგმოს. ახალი გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანია „რამბოლის“ მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს არასოდეს ჰქონია. ყველაზე სუსტი წერტილი ქალაქში არის დიდი დიღომი. დიდი დიღმიდან ვაპირებთ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნას, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსებიც არ იქნება საკმარისი, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება ფიქრი, იქნება დასამატებელი თუ არა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე ტრამვაის ხაზის გაყვანას, დედაქალაქის მერის მოადგილე აღნიშნულს არ ადასტურებს.