ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც სამი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა მოხდა 2 100 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 200 000 ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურა, სატრანსპორტო მომსახურების ფიქტიურ გაწევასთან დაკავშირებით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.