ქართული თაფლი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ქართული პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტირება?

DCFTA ძალაში შევიდა და ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის ნაწილის ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გარეშე შეტანა და განთავსება უკვე შესაძლებელია. რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ქართული პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტირება და აკმაყოფილებს, თუ არა ქართული პროდუქცია ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს? ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV”-ის გადაცემა ”საქმეში” ისაუბრა.

მარიამ გაბუნია: ”დღეიდან ძალაში შევიდა DCFTA, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის ყველა პროდუქტი, ნიორის გარდა (ნიორი არის კვოტის ფარგლებში), საბაჟო გადასახადის გარეშე შევა ევროკავშირის ბაზარზე. მაგრამ, გასათვალისწინებელია ერთი რამ- გარდა საბაჟო ბარიერისა, არსებობს არასატარიფო ბარიერი, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. ეს არის სტანდარტები, რომლებსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემთხვევაში, ეს არის სურსათის უვნებლობის სტანდარტები, ხოლო ინდუსტრიული პროდუქციის შემთხვევაში, ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები, რომელებიც უნდა დააკმაყოფილოს ექსპორტიორმა, რათა შეძლოს პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა.

მაგალითად, თქვენ რომ ხვალ თაფლის გატანა მოინდომოთ ევროკავშირის ბაზარზე, ამას ვერ შეძლებთ. ჩვენი რწმენით, თაფლს ევროკავშირის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ, რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენი თაფლი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო  მუშაობს , რომ ორი პროდუქტი - თაფლი და თევზი, რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე”.

როგორც გაბუნია ამბობს, იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი ევროკავშირის ბაზარზე დაიმკვიდროს, უნდა შეძლოს პროდუქტის უწყვეტად მიწოდება და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. მისი თქმით, ამის მაგალითია სახელმწიფოს ინიციატივა ხელი შეუწყოს კოოპერატივების ჩამოყალიბების  გზით გლეხებისა და ფერმერების გაერთიანებას და  იმ სტანდარტის მიღწევას, რაც აუცილებელია პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად.

მარიამ გაბუნია განმარტავს, რომ არსებობს დაბალი და მაღალი რისკის პროდუქტები: ”დაბალი რისკის პროდუქტი  პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციაა, რომელიც აქამდეც შედიოდა ევროკავშირის ბაზარზე: თხილი,  კიტრი, პამიდორი, ბოსტნეული და ა. შ. პირობების დაკმაყოფილება და სტანდარტებზე მორგება უფრო რთულია მაღალი რისკის პროდუქტებისთვის. ეს პროდუქტებია გადამუშავებული სურსათი - ხორცისა და რძის პროდუქტები, რომლებსაც მეტი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ მოხვდნენ ევროკავშირის ბაზარზე”.

იხილეთ გადაცემა: "საქმე"