"ჩემი დავალებაა ჩავიდე ტყიბულში, გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით"

ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე ადგილზე, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი პრემიერის დავალებით ტყიბულში გაემგზავრება, სადაც მეშახტეები შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიფიცნენ. როგორც თურნავამ აღნიშნა, მისთვის კარგადაა ცნობილი ის ვითარება, რაც ტყიბულშია შექმნილი.

„აქტუალური საკითხია ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება. დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად, იმის გამო, რომ წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი, ვიცი რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე ადგილზე, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.