ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეზე - არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. მაჭავარიანმა ხაზარაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს კომპანიებთან, განხორციელდა თუ არა მათზე ზეწოლა.

„მან თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის კაბინეტში ხდებოდა დარეკეტება და იძულება ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომ იძულებით დათანხმებოდნენ ვალების განულებას. არაერთხელ მომიწია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება და მართლა სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა. იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა არც გამოხატა ინტერესი ამ პროგრამაზე, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება.

ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგა იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაუგებარია რაში დასჭირდა მამუკა ხაზარაძეს ასეთი ტყუილის თქმა.

„მე არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი - ერთის მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. მე მგონია, რომ ეს შუალედი ჩვენ გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.