რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ტყიბულით დაინტერესდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ტყიბული ეკონომიკური კუთხით საინტერესოა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ამ სფეროში, ტყიბული ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით იყოს საინტერესო. საუბარია იმაზე და შეიძლება რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ამით დაინტერესდება. ჩვენ შეიძლება ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს დანერგვას, შესაბამისად, საწარმოს გახდის მომგებიანს. ამის რესურსია, ეს რესურსი არ არის გადაწურული. აქედან გამომდინარე, მე იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ ამ გზით განვითარდება სცნარი. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოიტანს. გულახდილად გეუბნებით დეტალებს არ ვფლობ, ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და მე მგონი, ისინი გააკეთებენ კომენტარს. თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უკვე არის კარგი სიმპტომი, კარგი ნიშანია, დაველოდოთ მოვლენებს, აქედან იქნება ჯანსაღი, ეკონომიკურად გამართული გამოსავალი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ დაინტერესდა ტყიბულის მაღაროებით ის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ჭიათურის მანგანუმს ფლობს, მინისტრმა ასე უპასუხა: „ვერაფერს დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, ნებისმიერი ბიზნეს ჯგუფი, თუნდაც ეგ იყოს, რომელიც დაინტერესდება, აამუშავებს ამ მაღაროს და ჩათვლის, რომ მომგებიანი იქნება, ძალიან კარგია ქვეყნისთვის. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ბიზნეს ჯგუფი იქნება. გამოჩნდება ხომ არ დაიმალება - რატომ ნერვიულობთ?“