თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, 2019 წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდაზე და ამ მხრივ ოპოზიციის კრიტიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა განმარტა, მთელი რიგი ცვლილებებია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ახალ რეზიდენციაში გადავიდა და აქედან გამომდინარე, არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯები.
„შეხედეთ როგორ არის კითხვა დასმული, რომ რადგან პრეზიდენტთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იყოს ან ადმინისტრაციის შენობასთან ან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რა კავშირია? თუ მაგალითად, აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. თქვენ იცით, რომ მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქ არის მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა. შესაბამისად, სამეურნეო ნაწილში თუ გნებავთ ჩასვლა, სხვა დროის და სხვა პლატფორმის ნაწილია, რა ხარჯი გეჩვენებათ ზედმეტი, რა ნაკლები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხარჯების ნაწილში დაფინანსება ეზრდება.