კომპანიების ნაწილს ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენის ვადა 2 წლით გადაუვადდათ

კომპანიების ნაწილს ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენის ვადა 2 წლით, 2021 წლამდე გადაუვადდათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

შესაბამის ცვლილებას დღეს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დუჭირა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ კომპანიები დაეწიონ სახელმწიფოს მოთხოვნებს.

„დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა ჩვენ ინციატივას „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა კომპანიას საქართველოში, 1 ოქტომბრისთვის ევალდებოდა, რომ მოეხდინა გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავიანთი ანგარიშგების წარდგენა, იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დააწესა ამ ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ორგანომ. ჩვენ კომპანიები გვქონდა დაყოფილი 4 კატეგორიად. მეოთხე კატეგორიაში დაახლოებით 60 ათასამდე კომპანიაა. ის კომპანიები, რომელთა აქტივიც ერთ მილიონამდეა, აქვთ ორ მილიონამდე ბრუნვა და ათ თანამშრომლამდე ჰყავთ - ანუ პატარა მიკრობიზნესები. მათ უჭირდათ 1 ოქტომბრისთვის ამ ანგარიშგების წარდგენა და წარუდგენლობის შემთხვევაში არის 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთს არ აქვს ადამიანური რესურსი, რომ ეს ანგარიშგება ამ ხარისხის ჰქონდეს, სტანდარტს გაცნობოდა, ზოგს არ აქვს კომპიუტერული სისტემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამაც მხარი დაუჭირა ორი წლით გადავუვადოთ ეს მოთხოვნა. კომპანიების მეოთხედი პრაქტიკულად კარგ მდგომარეობაშია ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით და იმედი მაქვს, რომ დანარჩენიც ამ ორი წლის განმავლობაში წამოეწევა და გვექნება გაცილებით გამჭვირვალე, ბიზნესისთვის და მათვისვე გაცილებით საინტერესო გარემო. ეს არ არის საგადასახადო ბიზნესისთვის, ეს არის იმისთვის, რომ მათ წესრიგში ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშგება, რათა შემდეგ ადვილად მოიზიდონ კრედიტი, ასევე ჰქონდეთ გამჭვირვალობა თუ რა ხდება დარგში, თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა. მე მგონია, ორი წელი საკმარის დროა, რომ დაეწიონ ამ მოთხოვნებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.