მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრს პასუხობს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს პასუხობს.

„ჩაიხედოს მაჭავარიანმა სარკეში, მისმა თანამშრომლებმა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და ეს სიტყვები გაიმეოროს, იყვნენ თუ არა ისინი იქ, იყვნენ თუ არა ამის მონაწილეები. თავის შვილებს ჩახედონ თვალებში,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი.

„ქვეყნის პრობლემაა, რომ ხელისუფლებაში არიან არათავისუფალი ადამიანები. ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და არა ქვეყნის ინტერესებს. ეს არის ნათელი და ამაზე სხვანაირი აზრი არ არსებობს, ეს ყველამ ვიცით და შესაბამისად, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. მაჭავარიანმა ხაზარაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტი მაჭავარიანის კაბინეტში ხდებოდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს კომპანიებთან, განხორციელდა თუ არა მათზე ზეწოლა.