დამსაქმებელთა ასოციაციამ ქუთაისში ბიზნეს სექტორთან შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ ქუთაისში სასტუმრო „ბესთ უესტერნ ქუთაისში“ შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხონების შესახებ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა.

დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში იმ ახალი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლის წინაშეც ბიზნესოპერატორები 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღმოჩნდნენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს კომპანიებისთვის ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნები დაზღვევის, პასუხიმგებელი მხარეების, რისკების შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის პროცესის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის, სანქციების და აღსრულების მექანიზმების შესახებ.

„განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კანონის ახალიმოთხოვნების შესახებ ცნობიერება. ქუთაისი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიური ქალაქი, ამიტომ მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზება აუცილებელია, რათა გავუწიოთ შესაბამისიკვალიფიციური კონსულტაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შეხვედრაზე ვისაუბრებთ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესახებ, ასევე გაეცნობიან, თუ რა ცვლილებები უნდა განახორციელონ სამუშაო ადგილებზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები და საქმიანობის აკრძალვის რისკებიც კი, რაც გათვალისწინებულია კანონის მიხედვით,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

შეხვედრას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიეღოთ. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ შეხვედრებს უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.