გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი სადაზღვევო კომპანიების დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოსმენას ითხოვს

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი სადაზღვევო კომპანიების პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოსმენას ითხოვს.

შესაბამისი განცხადება სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და კომიტეტის თავმჯდომარეს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში სადაზღვევო კომპანიების მოსმენის საკითხის ჩასმა სთხოვა, რამდენადაც მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და რეაგირების ნაცვლად, კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებულ გლეხებს აგდებით ელაპარაკებიან.

„მინდა გთხოვოთ, შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავაყენოთ სადაზღვევო კომპანიების მოსმენის საკითხი. დაახლოებით 10 დღის წინ კახეთში, ყვარელში იყო სეტყვა და ეს წვალებით მოყვანილი მოსავალი ხალხმა დაკრეფამდე რომ მიიყვანა, დაესეტყვათ. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სადაზღვევოები სწრაფად ახდენდნენ ამაზე რეაგირებას, საკმაოდ აგდებულად ელაპარაკებიან საზოგადოებას, არ აქცევენ ყურადღებას. წინაზეც იგივე მოცემულობა იყო, ამიტომ მინდა ეს საკითხი დავაყენოთ და ეს კომპანიები მოხსენებაზე მოვიყვანოთ.

სახელმწიფო ამხელა სუბსიდირებას აკეთებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაზღვეული იყოს და იმის მაგივრად, რომ ეს პროდუქტი მოსახლეობას წაადგეს, პირიქით ხდება, იმიტომ რომ ზოგიერთი სადაზღვევო უპასუხისმგებლოს იქცევა“, - განაცხადა სონღულაშვილმა.