ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

სებ-ის განმარტებით, აღნიშნული სავალუტო ინტერვენცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გაძლიერებას ემსახურება.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად,”- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.