ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელფასების გაცემის საკითხი უსწრაფესად უნდა გადაწყდეს. ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ერთობლივად გამოსავალს მოძებნიან.
„ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები და რაც მთავარია, როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში, როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურად ფუნქციონირებას. ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა ტყიბულში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფება. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, მთავრობა იქნება გარანტორი, რომ კომპანიამ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
„ჩვენ ძალიან გვაღელვებს ტყიბულელი მეშახტეების ბედი, კარგად ვიცი ეს სფერო. პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში კი თქვენთვის, მეშახტეებისთვის - თქვენ ხართ „საქნახშირის“ მთავარი სიმდიდრე, აქაური მთავარი ძალა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნახშირის მოპოვებას საქართველოში აქვს მომავალი და ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსის არსებობისთვის.
„მოვთხოვ პასუხს და გეგმას ინვესტორებს. იმედია, დამაჯერებელი გეგმა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღდგება უსაფრთხო მოპოვება. უნდა მოვნახოთ ბალანსი, რომ ქვანახშირის მოპოვება აღდგეს და თქვენი შრომა უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება პრემიერმა გიორგი გახარიამ დაავალა.