კარტელური გარიგება ყურძნის ფასზე

34–მა კომპანიამ საფერავის ფასი ერთდროულად 2.40–დან 1.50 ლარამდე დააგდო

კახეთში რთველი 21 აგვისტოს დაიწყო. ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ. 27 აგვისტოდან ყურძენი გაძვირდა. 28, 29, 30 აგვისტოს 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2-დან 2.40 ლარამდე მერყეობდა. იმის მიუხედავად, რომ წელს კახეთში, სეტყვის და ძლიერი გვალვის გამო ხარისხიანი ყურძნის მოსავალი შემცირებულია, ყურძენზე მოთხოვნა კი გაზრდილია, 31 აგვისტოს, ღვინის 34-ვე კომპანიამ საფერავზე ფასი ერთდროულად 1.50 ლარამდე დააგდო.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წლის ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ წელს, კახეთში 126 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 96 ათას ტონამდე რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავია. ივლისსა და აგვისტოში რეგიონში ძლიერი გვალვის გამო რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ყურძენი დაზიანდა და ვაზზე დაჭკნა, შესაბამისად, მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N1407 განკარგულებით დამტკიცდა 2014 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები. 2013 წელთან შედარებით, წელს მთავრობამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდია 5 თეთრით შეამცირა და 35 თეთრია, 1 კილოგრამ საფერავზე კი სუბსიდია 10 თეთრით შემცირდა და 15 თეთრს შეადგენს.

სუბსიდიის შემცირება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ყურძენზე გადაჭარბებული მოთხოვნით ახსნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 7 თვეში (იანვარი-ივლისი) მსოფლიოს 35 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 31 376 279 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 95%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელორუსი. რუსეთი 65%-ით ლიდერობს ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით 20 502 499 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 102 186 500 აშშ დოლარის ($) პროდუქცია, რაც 117%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 12 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 455 295 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 7 თვეში ბრენდის ექსპორტმა თანხაში 22 973 604 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 66%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტმა - 3 341 904 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 2 636 496 ბოთლით რუსეთი იკავებს.

საქართველოს მთავრობის 7 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, ზემოთაღნიშნული სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ღვინის კომპანიებს, რომლებიც ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისაგან ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვას განახორციელებენ არანაკლებ ერთ ლარად; წარადგენენ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობას.

ყურძნის ჩაბარების დაწყებამდე ღვინის კომპანია ვალდებულია, ყურძნის შესყიდვის განზრახვის თაობაზე რეგისტრაცია გაიაროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ღვინის კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2 სექტემბრის მდგომარეობით, რთველში უკვე 57 ღვინის კომპანია მონაწილეობს.

28–30 აგვისტოს, როცა 1 კილოგრამ საფერავზე ყველაზე მაღალი ფასი 2 – 2.40 ლარი დაფიქსირდა, ყურძენს 34 ღვინის კომპანია იღებდა. მათ შორის იყვნენ ს/ს „თელიანი ველი“, შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, შპს „ასკანელი ძმები“, ს/ს „თელავის ღვინის მარანი“ და ა.შ.

„თელავის ღვინის მარნის“ წარმომადგენლის, თენგიზ ჯავახიშვილის განმარტებით, კომპანიამ 29-30 აგვისტოს 1 კილოგრამ საფერავში 2.20 ლარი გადაიხადა. „ფასი მერყეობდა 2 ლარიდან ზემოთ ადგილწარმოშობის ზონების, შაქრიანობის და ხარისხის მიხედვით“.

- 34-მა კომპანიამ ერთდროულად რომ შეამცირა ფასი 1.50 ლარამდე, ეს რამ გამოიწვია?

- არ იყო რეალური ფასი და იმიტომ.

- თუ რეალური ფასი არ იყო, მაშინ რატომ იხდიდით?

- ასე გადავწყვიტეთ.

29–30 აგვისტოს საფერავში 2.10 ლარს იხდიდა შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, რომელიც ყურძენს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ქარხანაში იბარებს. 31 აგვისტოს, ქარხანაში მისულ მევენახეებს განუცხადეს, რომ ყურძენს 1.50 ლარად ჩაიბარებდნენ.

„წინა დღეს 2.10 ლარს იხდიდნენ. სოფლის გამგეობაში ცნობა ავიღე, მეორე დღეს ყურძენი დავკრიფე, მოვიტანე და ფაქტის წინაშე დამაყენეს. ლარნახევრად თუ გინდა ჩავიბარებთ თუ არადა უკან წაიღეო. ფასი რატომ დააკელით მეთქი და მიპასუხეს, კერძო კომპანიაა და რა ფასადაც გვინდა, იმ ფასად ჩავიბარებთო“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ახაშენში მცხოვრებმა მევენახემ გიორგი ბეგაშვილმა.

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ის დირექტორი კობა მკალავიშვილი 34 კომპანიის მიერ საფერავზე ფასის ერთდროულად შემცირების მიზეზებზე არ საუბრობს.

იხილეთ სტატია სრულად

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი