კომერციულ ბანკებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.
კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.0050 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2.9250 ლარად შეუძლიათ;
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.005 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.915 ლარად არის შესაძლებელი;
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 3,0050 ლარად, მის გაყიდვას კი 2,9250 ლარად შეძლებენ;
„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0050 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.9150 ლარად შეუძლიათ;
მოქალაქეებს 1 აშშ დოლარის შეძენა 3.0150 ლარად შეუძლიათ „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მისი ღირებულება 2.9900 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2571 ლარია. აღსანიშნავია, ისიც რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,“-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.