„თბილისის მუნიციპალიტეტი წლის ბოლოს განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურით ხვდება"

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული კომპლექსი შევიდა ექსპლუატაციაში.

„თბილისის მერიის ძალისხმევით, დასრულდა თემქის სპორტული ცენტრის მშენებლობა. ცენტრში განთავსებულია ჭიდაობის, კრივისა და ფიტნეს დარბაზები და ორი საცურაო აუზი. კომპლექსს ერთდროულად 1000-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია; წყნეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული ცენტრი აშენდა. კომპლექსში განთავსებულია სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზები. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; დასრულდა ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის არსებული ჩოგბურთის კორტების სამშენებლო სამუშაოები, მოეწყო ორი საერთაშორისო სტანდარტის ,,ჰარდის’’ ტიპის კორტი; დასრულდა ფრენბურთის ოლიმპიური ცენტრის სარემონტო სამუშაოები,”- ნათქვამია გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებაში.

საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იმ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. მათ შორის: დიდ დიღომსა და ვარკეთილში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა; 2020 წელს ლილოს მცხოვრებლებისთვის 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, რეაბილიტირებული ჭიდაობის დარბაზი და საცურაო აუზი გაიხსნება; მზადდება პროექტი ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაზე, მიმდინარეობს საფეხბურთო ცენტრ ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოები, იგეგმება ვაკის პარკში და იპოდრომზე არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის, დამტკიცებისა და შესრულების ეტაპზე თბილისს არაერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება.