„ფოლკსვაგენი“ თურქეთში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს

„ფოლკსვაგენის“ მმართველი საბჭოს წევრ ანდრეას ტოსტმანის განცხადებით, მისი კომპანია თურქეთში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს და ამ საკითხზე, მოლაპარაკებას ქვეყნის ხელისუფლებასთან აწარმოებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება დამმთავრებელ ფაზაშია და დაახლოებით ორ კვირაში, ან უფრო ადრეც დასრულდება.

როგორც „როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვოლფსბურგული გიგანტი ახალი ქარხნის მშენებლობისთვის და ეკიპირებისთვის, დაახლოებით 1 მილიარდ ევროს გაიღებს. იმავე წყაროს ინფორმაციით, ქარხნის წლიური წარმადობა 300 000 ავტომობილი იქნება. პირველ ეტაპზე, ქარხანა სედან „ფოლკსვაგენ პასატს“ და მის იდენტურ „შკოდა სუპერ ბეს“ გამოუშვებს, რომლებიც თურქეთის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაიყიდება.

ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ გერმანულ ჯგუფს ქარხნისთვის ქალაქი მანისა აქვს შერჩეული, რომელიც იზმირთან ახლოს მდებარეობს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქარხნის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება და იქ წარმოება სტარტს 2022 წელს აიღებს.

„ფოლკსვაგენი“ კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობას აღმოსავლეთ ევროპაშიც აპირებს. სავარაუდოდ, მის ადგილად ბულგარეთს აარჩევს.