გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ლაბორატორიაში კვლევები თაფლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, რაც ლაბორატორიის საქმიანობას კიდევ უფრო ყოვლისმომცველსა და მრავალფეროვანს გახდის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ძირითადად ხარისხობრივ კვლევებს მოიცავს, თუმცა, ლაბორატორია 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს უვნებლობის პარამეტრების მეთოდების დანერეგვაზე, რის შედეგადაც ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 90 პარამეტრია შესული.
„ამჟამად შესაძლებელია თაფლის ნიმუშები შემოწმდეს შემდეგ ნაერთებზე: ქლოორგანულ და ფოსფორორგანულ პესტიციდებზე, ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფზე, მძიმე მეტალებზე და ა.შ.
მიუხედავდ იმისა, რომ თაფლის გამოკვლევა მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში ტარდება, მომხმარებელს გამოსაკვლევი ნიმუშების ჩაბარება 10 სხვადასხვა რეგიონულ ლაბორატორიაშიც შეუძლია. საკვლევი ნიმუშების ტრანსპორტირება უფასოა და მომხმარებელი კვლევის შედეგებს ნიმუშების ჩაბარების ადგილზე შეუფერხებლად მიიღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.