malohandmade - ახალგაზრდა მეწარმე გალიდან, რომელიც უკვე ადგილობრივებსაც ასაქმებს

მალო კოტუა ახალგაზრდა მეწარმეა გალიდან, რომელიც უკვე ადგილობრივებსაც ასაქმებს. მას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საკუთარი ორგანიზაცია და სოციალური საწარმო აქვს, სადაც ხელნაკეთ ნივთებს მეუღლესთან ერთად ამზადებს.

მალო კოტუამ ორგანიზაცია Hands for peace / ხელები მშვიდობისთვის რამდენიმე წლის წინ დააფუძნა, სადაც გოგონებს ხელსაქმესა და თიხაზე მუშაობასაც ასწავლის, გარდა ამისა, ადგილობრივ თემთან ერთად სხვა საინტერესო პროექტებსაც გეგმავს.

ახალგაზრდა მეწარმისთვის პროექტი Yes Georgia გარდამტეხი აღმოჩნდა. აქამდე თუ მისი პროდუქცია მხოლოდ ზუგდიდში იქმნებოდა და მათი რეალიზება ადგილზევე ხდებოდა, პროექტში ჩართვის შემდეგ გოგონას საშუალება მიეცა საკუთარი ბიზნეს იდეა რეალობად ექცია და დღეს მალო ბიზნეს უკვე გალში, საკუთარ სოფელში აფუძნებს.

„არაერთი ორგანიზაციისთვის მიმიმართავს დამმხმარებოდნენ, რომ გალში მქონოდა ჩემი ბიზნესი და იქ დამესაქმებინა ადგილობრივები, თუმცა სურვილი სურვილად რჩებოდა. როცა კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მოვედი და გავაცანი ჩემი ბიზნეს პროექტი ინვესტორებს, მოვახერხე დამერწმუნებინა, რომ თავისუფლად შემეძლო ბიზნესის კეთება არა ზუგდიდში, არამედ გალშიც“, - ამბობს მალო კოტუა.

„გამოფენებზე, თუ ჩვენებებზე ყველგან ჩემს პატარასთან ერთად ვარ. ზუგდიდში მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს პატარა საწარმო malohandmade, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა ხელთნაკეთ ნივთებს და ვუშვებთ რეალიზაციაში. გვაქვს სოციალური გვერდი, სადაც განთავსებული ჩვენი პროდუქცია,“ - ამბობს მალო კოტუა.

რამდენიმე თვეში მალოს სახელოსნო გალში პირველ მოსწავლეებსაც მიიღებს, სადაც უკვე ადგილობრივები სხვადასხვა მიმართულებებით იმუშავებენ. პროექტი Yes Georgia კი პროექტის ამოწურვამდე დაეხმარება მეწარმეს მენტორინგში.

როგორც მალო კოტუა ამბობს, მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობები საზღვარგარეთ, აფხაზეთის სახელით გატანა წარმოადგენს.

ნინი ქეთელაური