საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რებრენდინგს იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რებრენდინგს იწყებს.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, რებრენდინგის ფარგლებში შეიცვლება პალატის ლოგო და განახლდება ოფიციალური ვებ-გვერდი. მათივე ცნობით, რებრენდინგი ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპარტნიორო პროექტის ფარგლებში, პროექტის მენეჯერის, კნუტ გერბერის ჩართულობით.

რებრენდინგის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესთავაზებს მეწარმეებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ახალ და ინოვაციურ ონლაინ მომსახურებებს. შეიქმნება საინფორმაციო პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ექსპორტი, პარტნიორის მოძიება, ინვესტიციები, სტარტაპების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება და მრავალი სხვა.