გაუქმებული მისო-ები და გაზდილი სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 18 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც 8 თვეში სესხის გამცემი უკვე 203 სუბიექტი დარეგისტრირდა.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 71-დან 53-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის აგვისტოში - 71 ორგანიზაცია).

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირედით გაიზარდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობა. თუ 2018 წლის აგვისტოს მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 801 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს აგვისტოში ეს რაოდენობა 803-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის აგვისტოში 142 ერთეული ოპერირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 134.

ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი ოდენობა 2-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში 120 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2018 წლის აგვისტოში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1047 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.

სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 203 ერთეულს შეადგენს. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

ნინი ქეთელაური