ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და 14 მილიარდს გადააჭარბებს

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება და 14 მილიარდს გადააჭარბებს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს მომავალ კვირაში გადაეგზავნება. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი „ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაბალანსებული იქნება“.

„ბიუჯეტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია მთავრობის ნაწილში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ყველა უწყებასთან, ყველა სამინისტროსთან გვქონდა ძალიან ინტენსიური განხილვები. ოფიციალურად მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე მოხდება ბიუჯეტის წარდგენა და რასაკვირველია პარლამენტში გადაგზავნა. ბიუჯეტის პარამეტრებზე დეტალურად შემდეგი კვირიდან ვისაუბრებთ, მე თავად მინიმუმ ორჯერ მომიწევს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლა.

ბიუჯეტში დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა იქნება გათვალისწინებული. ბიუჯეტს უყვარს სიტყვა დაბალანსებული. ხშირად ხმარობენ ამას და მისი არსი მდგომარეობს შემდეგში, არა მარტო ხარჯებით და შემოსავლებით არის დაბალანსებული, არამედ მსოფმხედველობრივად უნდა იყოს დაბალანსებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ყველა ის სოციალური გამოწვევა, იქნება ეს პენსიონერები, შშმ პირები, მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად კაპიტალურ დანახარჯებსაც თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს, რადგან მხოლოდ კაპიტალური და ინფრასტრუქტურული დანახაჯებია იმის წინაპირობა, რომ ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბიუჯეტი დაბალანსებული იქნება. მგონია, რომ ამ ბიუჯეტს ექნება მხარდაჭერა როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მომდევნო კვირაში დაამტკიცოს
"2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია"