პარლამენტის შენობის განახლებისთვის 22 მილიონი ლარი დაიხარჯა

საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს ქუთაისში, ხოლო ამ გადაწყვეტილებების მოსამზადებელი სამუშაოები წარიმართება როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე, მაჟორიტართა ბიუროების გამოყენებით.

აღნიშნული განმარტება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებით საშემოდგომო სესიის გახსნისას გააკეთა.

დათო უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისში დეპუტატებისთვის შეიქმნა დამატებითი სამუშაო პირობები, მაგრამ არა ძირითადი და ერთადერთი.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თბილისში ნაწილობრივი დაბრუნების თემაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ "იძულებული იყვნენ, აენაზღაურებინათ ზარალი, რაც ვიღაცეებმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას მიაყენეს".

უსუფაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წესრიგში მოყვანისათვის 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 17 მილიონი დარბაზების ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდა.