გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, როგორც მთავრობის 13 სექტემბრის დადგენილებაშია აღნიშნული, ტქინსპექტირების გავლის პროცესში, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ დოკუმენტის წარდგენაც დასჭირდება.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონი დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის დასადგენად ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებთან, აირბალონის ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა წარადგინონ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემული დოკუმენტი.
აირბალონების ექპლუატაციის ვადების შესაბამისობის დასადგენად, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ, გამოიყენება აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემულ დოკუმენტში მითითებული ვადები. ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდგომ აირბალონი უნდა გამოიცვალოს,“-აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ამასთან, ინსპექტირების წესში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ, შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება კი სამ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ და არაუმეტეს 20 წელია − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში, ხოლო გათხევადებული აირის აირბალონების შემთხვევაში არაუმეტეს 10 წელს შეადგენს.
ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები 2019 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდა.