ძიძების სერტიფიცირების წესი 2020 წლის 1-ელ მარტამდე შემუშავდება

ძიძების სერტიფიცირების წესი 2020 წლის 1-ელ მარტამდე შემუშავდება. ამის შესახებ „ბავშვის უფლებათა კოდექსშია“ აღნიშნული.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ნებაყოფლობით სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამასთან, სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს.

„ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,“- ვკითხულობთ ბავშვის უფლებათა კოდექსში.

ცნობისთვის, „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს.

თაია არდოტელი