ამერიკული კომპანია Apple საკუთარი წარმოების ფილმების კინოთეატრებში ჩვენებას გეგმავს. ეს იმ დრომდე მოხდება, ვირე კომპანია სტრიმინგ პლატფორმა Apple TV+-ს წარმოადგენს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთის წყაროს ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს აღნიშნული წინადადებით მსხვილი ამერიკული კინოთეატრების ხელმძღვანელებს და ამავდროულად, გაიარეს კონსულტაციები გასართობი ბიზნეს ინდუსტრიის სპეციალისტებთან. გამოცემის ცნობით, კალიფორნიული კომპანია ამ ეტაპზე ემხრობა ფილმების გამოშვების ტრადიციულ მეთოდს - ჯერ კინოთეატრებში და მერე სხვაგან. შესაბამისად, Apple-ის წარმოების ფილმები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯერ კინოთეატრებში იქნება წარმოდგენი, ამის შემდეგ კი გადაინაცვლებს ინტერნეტ სივრცეში - სტრიმინგ სერვისზე.
სპეციალისტების შეფასებით, კომპანია ამ ნაბიჯზე იმ მიზნით წავიდა, რომ კინოწარმოებაში მოიმხროს ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, ასევე სათანადო კონკურენცია გაუწიოს სტრიმინგ სერვისის ისეთ გიგანტ კომპანიას როგორიცაა Netflix. გაზეთი ხაზს უსვამს კომპანიას მოლაპარაკებებში კინოთეატრების ქსელების მმართველებთან სირთულეები აქვს, ვინაიდან ისინი ეწინააღდმეგებიან Apple-ის პოზიციას, რომელსაც სურს მათი პროდუქციის პრემიერა ერთდროულად მოხდეს როგორც კინოთეატრებში, ასევე სტრიმინგ სერვისებზე.
სერვისი Apple TV+ 1-ლი ნოემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიამ სერვისზე გეგმავს როგორც ფილმების, ასევე საკუთარი წარმოების შოუების და სერიალების ჩვენებას. სერვისის ყოველთვიური ღირებულება 5 დოლარი იქნება, თუმცა წლიური ხელმომწერებისთვის სხვა ტარიფი იმოქმედებს.