რა ზარალს აგინაზღაურებთ აგროდაზღვევა?

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ერთწლიანია და მისი გაგრძელება ერთი წლის განმავლობაში ნაჩვენებ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული.

ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძემ ”პალიტრა TV”-ს გადაცემა ”საქმეში” ისაუბრა. ”ეს ერთწლიანი პროექტი ბევრ შეკითხვაზე გასცემს პასუხს: რამდენად არის მზად ფერმერი, რამდენად არიან სადაზღვევო კომპანიები მზად იმისთვის, რომ სამომავლოდ ერთიანი სადაზღვევო პრაქტიკა ჩამოყალიბდეს”,- განაცხადა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ფერმერების ინფორმირება, რათა მათ იცოდნენ, რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია აგროდაზღვევას.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ აგროდაზღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა: ”ბევრი ფერმერის მიწა არ არის დარეგისტრირებული და არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. შეიძლება ფერმერს ჰქონდეს მიწა, მაგრამ ის არ იყოს საკადასტრო რუკაზე, ან არ იყოს რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, ფერმერებმა ეს პრობლემები უნდა გადაჭრან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გვალვა არ არის დაზღვეული. ეს უკმაყოფილებას იწვევს ფერმერებში, რადგან ძირითად პრობლემას სწორედ გვალვა წარმოადგენდა.”

ზამბახიძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აგროდაზღვევის პროგრამაში ბევრი ფერმერი არ ჩაერთვება. ჩართულობის ხარისხზე საუბრობს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი გიგოლაშვილიც. მისი აზრით, პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე კატეგორიის ფერმერები გამოიკვეთებიან: ”იქნებიან პიონერები, რომლებიც პირველივე დღეებში მოითხოვენ დაზღვევის ამ პროგრამაში ჩართვას, ასევე მიმდევრები, რომლებიც დაელოდებიან სიტუაციების განვითარებას და მესამე - ინერტული ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე პროგრამაში არ ჩაერთვებიან.”

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც პირველ სექტემბერს ამოქმედდა, 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს.

მემორანდუმის თანახმად, სადაზღვევოებმა აიღეს ვალდებულება პროექტში მონაწილე ფერმერებს აგროდაზღვევის ხელშეკრულებები გაუფორმონ. დამზღვევი კი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე, დარჩენილი ნაწილის გადახდას კი უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი პრემიის თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ლარს, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებზე ეს თანხა 50 ათას ლარამდეა გაზრდილი. დაზღვევის პროგრამის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ისეთი ზიანები, როგორიც არის სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. პროგრამა საპილოტეა და ის ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება. ამ ინიციატივისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა: ”საქმე”