საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 9,8 მილიონ ბარელამდე აღადგინა, რა დონეზეც ის 14 სექტემბერს ნავთობტერმინალებზე მოხმდარ თავდასხმამდე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცოას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ ნავთობის ნაწილი ჯერ ბაზარს არ მიეწოდება, ვინაიდან ვერ ხერხდება მისი სრულად გაწმენდა, რაც აუცილებელია საექსპორტო ნავთობისთვის. ამის მიზეზი კი გამწმენდი დანადგარების დაზიანებაა, რომლებიც ამ დრომდე არ აღდგენილა.
თავად Saudi Aramco აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, დრონებმა თავდასხმა საუდის არაბეთის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ობიექტებზე - ბოქიაქსა და ჰურაისში 14 სექტემებრს განახორციელეს. შეტევამ ქვეყნის ნავთობწარმოება დღე-ღამეში 5,7 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია. განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მ და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს. ირანი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.