ბრიტანული საავტომობილო კომპანია „იაგუარ ლენდ როვერი“, თავისი ბრიტანული ქარხნების მუშაობას ნოემბერში ერთი კვირით გაჩერებს. ამის მიზეზი ისაა, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში, კომპანიამ ნაკლები იზარალოს. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ „ბეემვეს“ და „ტოიოტას“.
ავტოინდუსტრია ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი საექსპორტო სექტორია. და მას ევროკავშირთან ბრიტანეთის უხელშეკრულებო დაშორება ძლიერ დააზარალებს. ამის მიზეზი ისაა, რომ წარმოებული ავტომობილების დიდი ნაწილი ექსპორტზე სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მოწადინებუილია, რომ თავისი ქვეყან კავშირიდან ხელშეკრულებით, ან მის გარეშე, დათქმულ ვადაში (31 ოქტომბერი) გაიყვანოს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ბრექსიტი გადაიდოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარება, ან ბრექსიტის საერთოდ გაუქმებაც კი.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი რალფ სპეტი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ახლავე უნდა დაგეგმოს, თუ რას მოიმოქმედებს უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში. ერთ-ერთი ნაბიჯი, ნოემბრის პირველ კვირაში საწარმოების გაჩერებაა.
„ჩვენ უბრალოდ კი არ ვფიქრობთ ამაზე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ასე მოვიქცეთ. ჩვენ დღეში 20 მილიონი ნაწილი გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომწოდებლების მიმართ ვალდებულებები გვაქვს. ყოველი ნაწილი დროულად და აუცილებლად უნდა მივიღოთ“, - გეიდონში (ინგლისი), პროდუქციის შემუშავების უახლესი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა სპეტმა.
საერთო ჯამში, კომპანიის სამი ბრიტანული ამწყობი ქარხანის გაჩერება იგეგმება, რომლებზეც ბრიტანეთში შარშან გამოშვებული 1.5 მილიონი ავტომობილის დაახლოებით მესამედი მოდის. გარდა ამისა, გაჩერდბა ვოლვერჰემპტონის ძრავების ქარხანა.