თბილისის მერია 30 მლნ ლარის სესხს აიღებს

თბილისის მერიის საფინანსო სამსახური ბიუჯეტისთვის 25 მილიონის ნაცვლად, 30 მილიონის სესხს ითხოვს.

დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხის აღების საკითხი თბილისის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

კომისიამ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის სესხის აღების შესახებ თანხმობის საკითხი განიხილა და დააკმაყოფილა. მერია სესხს კომერციული ბანკებისგან აიღებს. სხდომაზე საკითხი საფინანსო სამსახურის უფროსმა, ლევან თევზაიამ დააყენა. მისი განმარტებით, სესხის აღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ხარვეზებით, რომლებიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არსებობდა. კერძოდ, 48 მილიონ 500 ათასი ლარით გაზრდილი ქონების გადასახადის გამო, რომელიც ვერ შესრულდა.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, რატომ არ ხდება ცენტრალურ ბიუჯეტში აკუმულირებული 40 მილიონი ლარის გადატანა ქონების გადასახადის მუხლში და ამ სახით თანხის თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხვა, რატომ არ სურს დედაქალაქის მთავრობას კუთვნილი თანხის ამოღება, ნაცვლად იმისა, რომ 30 მილიონი ლარის კომერციული სესხი აიღოს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის ბიუჯეტის მიმართ შექმნილი პრობლემები, ხელისუფლების მიერ თბილისისთვის 50 მილიონი ლარის ტრანსფერის გაცემაზე უარმა განაპირობა.

საფინანსო სამსახურის უფროსმა კი აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებს. მათ ამ მიზნით სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით კი, "ნაციონალებს" ბიუჯეტში თანხები მეორეხარისხოვან პროექტებზე აქვთ გახარჯული. მისივე თქმით, 30 მილიონი ლარის სესხის აღება აუცილებელია დაწყებული სოციალური პროექტების დასასრულებლად. სამუშიას განცხადებით, აღნიშნული თანხიდან, 5 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას მოხმარდება.