რა იცვლება დასაქმებულებისთვის

"ვრცელია პროფესიების ჩამონათვალი, ვისაც გაფიცვის უფლება შეზღუდული აქვს. მასში შედიან საჯარო სამსახურები, დასუფთავების სამსახური, რკინიგზა, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ. გასაგებია, რომ სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ვერ გაიფიცება, მაგრამ რატომ ართმევს სახელმწიფო ამ უფლებას, მაგალითად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, გაუგებარია"

საქართველოს შრომის კოდექსში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. კანონპროექტი უკვე მზად არის და პარლამენტში მისი განხილვა ოქტომბერში იგეგმება. რა იცვლება დასაქმებულისთვის და რა დამსაქმებლისთვის? - ამის გასარკვევად ცვლილებათა პროექტში ჩავიხედეთ.

რაისა ლიპარტელიანი, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე: - ჩვენი შრომის კანონმდებლობა, 2013 წლის ცვლილებების მიუხედავად, ძალიან შორს არის არა მარტო საერთაშორისო სტანდარტებისგან, არამედ იმ გამოწვევებისგანაც, რომელთა წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. საკმაოდ სუსტია აღსრულების მექანიზმიც და, ფაქტობრივად, არ კონტროლდება, რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები სამუშაო ადგილზე.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტის შესახებ, ძირითადად, ისეთი აზრი შეიქმნა, რომ ეს არის ევროასოცირების ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროში ნაკისრი ვალდებულება. საკითხი ასე ვიწრო კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენ აგრეთვე ვართ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო და არ სრულდება ჩვენ მიერ რატიფიცირებული კონვენციები. შრომითი უფლებების თვალსაზრისით, საქართველო კრიტიკის საგანი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, მათ შორის სამუშაო დროსთან დაკავშირებით. შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი, ძირითადად, პასუხობს საერთაშორისო ვალდებულებებს და იზიარებს, მათ შორის პროფესიული კავშირების მოსაზრებებს შრომითი უფლებების დაცვის შესახებ. ამ პროცესის დაწყებას მივესალმებით.

- რომელ ძირითად ცვლილებას გამოყოფდით კანონპროექტიდან?

- შრომითი ხელშეკრულებების საკითხს. მოგეხსენებათ, საქართველოში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი­ ხელშეკრულება იშვიათად იდება. აღარაფერს ვამბობ, რა წერია მასში,­ თუკი არსებობს. წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არარსებობა ნიშნავს, რომ ადამიანის შრომ­ი­თი უფლებები დაუცველია და არც იცის თავისი უფლებები. იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც არა აქვს, რომ მუშაობს.

შემოთავაზებული პროექტით კი კანონი ამბობს, შრომითი ხელშეკრულების ძირითადი ფორმა უნდა არსებობდეს წერილობით და უნდა ჰქონდეს ყველა დასაქმებულს.გათვალისწინებულია ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებული ცვლილებებიც. მოგეხსენებათ, ხელშეკრულებები ხშირად მოკლევადიანია და ყოველგვარი წინა პირობის გარეშე იდება. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს უვადო, თუ საქმე არა გვაქვს გამონაკლის შემთხვევებთან. მაგალითად, შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო, დროებითი სამუშაო და სხვ.

- სამუშაო დროის შესახებ მოვისმინეთ ისეთი ინტერპრეტაციაც, რომ რამდენიმე ადგილას შეთავსებით მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს.

- სამუშაო დრო მეტად პრობლემური საკითხია. სამწუხაროდ, ამას ჩვენი კანონმდებლობაც ახალისებს, რომელიც მუშაობის ხანგრძლივობის ზედა ზღვარს არ აწესებს. ერთადერთი შეზღუდვა ეხება ცვლებს შორის თავისუფალ დროს და ამისთვის მინიმუმ 12 საათია განსაზღვრული. თუმცაკერძო სექტორში არც დასვენების დღეა დადგენილი და გამოდის, ჩვენი შრომის კოდექსით კვირაში 84 საათს მუშაობა ლეგიტიმურია. ამას კარგად იყენებენ დამსაქმებლები და მთელ რიგ სექტორებში პირდაპირ ხელშეკრულებაში უწერიათ დასაქმებულებს, რომ მათი სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 60-70 საათი ან მეტია.

ბუნებრივია, უნდა არსებობდეს ჩარჩო, რომელშიც სამუშაო საათების ხანგრძლივობა მოექცევა. კანონპროექტით შემოთავაზებულია მაქსიმუმ 48 საათი კვირაში, რაც ზეგანაკვეთურ შრომასაც მოიცავს. სწორედ 48-საათიანმა ჭერმა გამოიწვია დამსაქმებლების ვნებათაღელვა. კანონპროექტის შიდაგანხილვისას, რომელსაც­ ბიზნესსექტორიც ესწრებოდა, ერთ-ერთ ვარიანტად შემოთავაზებული იყო, რომ შეზღუდულიყო ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ ჯამურად ზემოთ მოყვანილი დროის სტანდარტი ირღვეოდა. თუმცა შემოთავაზებული ვარიანტი ეხებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს. მაგალითად, არსებობს პროფესიები, სადაც საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. თუნდაც ექიმები­ გადატვირთულ რეჟიმში ერთდროულად ბევრ ადგილას მუშაობენ. იგივე შეიძლება ითქვას მძღოლებზე, რაც არა მარტო მათ ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ სხვა ადამიანებსაც მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ამაზე ფიქრია საჭირო და სწორედ ამგვარად იყო შემოთავაზებული ეს პროექტი - როგორ გავუმკლავდეთ, როგორ ვუპასუხოთ ამ პრობლემას. ამაზე­ უნდა ვიმსჯელოთ სოციალურმა პარტნიორებმა, დამსაქმებლებმა, დასაქმებულებმა, სახელმწიფომ და შევთანხმდეთ იმ პროფესიების ვიწრო ჩამონათვალზე, თუ ვის შეიძლება შეეხოს ეს შეზღუდვა. ფაქტია, არანორმირებული სამუშაო კლავს და ჩვენ ამ პრობლემიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

- ლაპარაკია ზეგანაკვეთური სამუშაო­ს ანაზღაურებაზე?

- საერთაშორისო სტანდარტია, რომ ზეგანაკვეთური დრო დასაქმებულს გაზრდილი ტარიფით უნდა აუნაზღაურდეს. პროექტი 25%-იან დანამატს გვთავაზობს, ანუ თუ შრომის ანაზღაურება 1 საათში 10 ლარია, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის 12,5 ლარი იქნება. დღეს ეს ტარიფი საერთოდ არ არის დადგენილი და მოქალაქეები ყოველგვარი ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.

მეტიც, ამას არავინ აკონტროლებს. შრომის ინსპექცია არ აკონტროლებს, ვინ რამდენ საათს მუშაობს, აქვთ თუ არა დასაქმებულებს ხელშეკრულებები და მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული. როცა მოქალაქეები ზეგანაკვეთურად მუშაობენ, მათ შორის ღამით, დასვენებისა და შვებულების გარეშე, ფიზიკურად გადაღლილები, ხშირია უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევა, ტრავმები, გარდაცვალებაც კი. ამიტომაც არის აუცილებელი სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომა და ეს კანონპროექტში ასახულია.

- დეკრეტულ შვებულებებს შეეხება ცვლილებები?

- დღეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გათვალისწინებულია მხოლოდ ქალებისთვის და 1000-ლარიან სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებს. ეს თანხა დედამ 6 თვეს უნდა იკმაროს.კანონი დამსაქმებელს არ ავალდებულებს, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომელს რამე გადაუხადოს. ამგვარი ვალდებულება არც ცვლილებების თანახმად შემოდის, თუმცა ერთჯერადი დახმარების ნაცვლად, შვებულება ხელფასის 80%-ის ოდენობით ანაზღაურდება, რაც ნამდვილად პროგრესული ნაბიჯია.

- შრომის მინიმალური ანაზღაურების შესახებ რას ამბობს კანონპროექტი?

- დღეს გვაქვს 20-ლარიანი მინიმალ­ური ხელფასი, რაც ევროპაში ყველაზე დაბალია, ხოლო მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზე ვართ. ხშირად სწორედ ძალიან მცირე ხელფასის გამო მუშაობენ ერთდროულად რამდენიმე ადგილას, რათა ფიზიკური არსებობა უზრუნველყონ. თუ ჩვენ სახელფასო პოლიტიკას არ გადავხედავთ და რეალური მინიმალური ხელფასის ცნებას არ შემოვიტანთ თუნდაც პროფესიების მცირე ჩამონათვალისთვის, რამდენიმე დამსაქმებელთან ერთდროულად მუშაობის ამის გარეშე შეზღუდვა დიდ და სამართლიან პროტესტს გამოიწვევს. მაგალითად, მედიცინის სექტორი­ დღეს ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია, მხოლოდ ექიმებს კი არა, ექთანებსა და სანიტრებს ზოგჯერ თვეში 60-70 ლარად უწევთ მუშაობა. ბუნებრივია, როცა ხელფასი ბევრად ჩამორჩება ოფიციალურად განსაზღვრულ საარსებო მინიმუმსაც კი, დასაქმების დამატებით წყაროს ეძებენ.ერთი მხრივ, მინიმალურმა ხელფასმა­ ადამიანის ბაზისურ საჭიროებებს უნდა უპასუხოს, მეორე მხრივ, ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონე უნდა გავითვალისწინოთ, რათა ბიზნესმაც შეძლოს ამასთან გამკლავება.

- შემოდის მუხლი, რომელიც არეგულირებს გაფიცვის უფლების შეზღუდვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიების ადამიანებისთვის.

- მინისტრის ბრძანებით, უკვე არსებ­ობს პროფესიების ჩამონათვალი, ვისაც გაფიცვის უფლება შეზღუდული აქვს. მასში­ შედიან საჯარო სამსახურები, დასუფთავების სამსახური, რკინიგზა, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ. არ შეიძლება ადამიანებს შეუზღუდო გაფიცვის უფლება, რომელიც ერთგვარი ინსტრუმენტია, რათა ადამიანმა პრაქტიკულად მოიპოვოს ქაღალდზე გაწერილი შრომითი უფლებები. გახსოვთ, ალბათ, მეტროს მემანქანეების შემთხვევა, როცა სასამართლომ განუცხადა, არასამუშაო დროს გაიფიცეთო... გაუგონარია, რაც საქართველოში ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების პრობლემები გადაუწყვეტელი რჩება და სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება არა აქვს.

შეზღუდვა უნდა გავრცელდეს იმ პროფესიებზე, რომლებიც ნამდვილად უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გასაგებია, რომ სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ვერ გაიფიცება, მაგრამ რატომ ართმევს სახელმწიფო ამ უფლებას, მაგალითად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, გაუგებარია.

„კვირის პალიტრა“

ემა ტუხიაშვილი