"ზომით ზეთისხილისხელაა, შესახედავად საზამთროს ახალგამოსხმულ ნაყოფს უფრო მაგონებს, ვიდრე კიტრს. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებს, უმრავლესობას თავდაპირველად საზამთრო ჰგონია, მერე დავაგემოვნებინებ ხოლმე და ვისმენ ოვაციას..."
ნინო ჭანტურიძე ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათიდანაა. მის ბაღ-ბოსტანსა თუ ეზო-კარში არაერთ იშვიათი სახეობის მცენარეს ნახავთ. დეკორატიული მცენარეები ნაკლებად იტაცებს, უფრო ნაყოფისმომცემი კულტურები მოსწონს. წელს მის ბოსტანს ყველაზე განსხვავებული და ქართული ყოფიერებისთვის უცხო მცენარე - როგორც თვითონ უწოდებს "მექსიკური კიტრი~ ამშვენებს. ხაოიანი მელოტრია, კიტრის მსგავსად, გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
ნინო ჭანტურიძე: - მცენარეებზე ზრუნვა ძალიან მიყვარს. თუ ვინმე ახლობელი საქართველოს საზღვარს გასცდება, ყველას ვაბარებ, რომ უცხო მცენარეების თესლი ჩამომიტანონ. მექსიკური კიტრის თესლი დამ ჩამომიტანა რუსეთიდან, დათესეთ და ნახეთ, აბა, რას იზამსო. ადრე გაზაფხული იყო, ჯერ ჩითილი გამოვიყვანე და ვამჯობინე სათბურში დამერგო, მაგრამ ვერ ივარგა. მერე რომ დათბა, ავდექი და სასინჯად 4 ჩითილი ჩავრგე სახლის ეზოში, ტალავრის ძირში. როგორც დავაკვირდი, ამ მცენარეს სხვა სახეობის კიტრებივით ნესტი და სითბო უყვარს - გაიხარა და რა გაიხარა, მთელი ტალავერი მოიარა. თავიდან ცოტ-ცოტა და წვრილ ნაყოფს იძლეოდა, აგვისტოს შემდეგ კი შესამჩნევად დამსხვილდა და ბარაქიანიც გახდა. ახლა ერთ მოკრეფაზე 2-3 კილოგრამამდე მოსავალს ვიღებ. მოკლედ, ბუნებრივ პირობებში უფრო იხარა, ვიდრე სასათბურეში.
- რამდენ ხანში ერთხელ კრეფთ?
- 3-4 დღეში ერთხელ. ერთსა და იმავე ძირს ერთდროულად თან ასხია, თან ყვავილობს. იცით, როგორი ყვავილი აქვს, ჩვეულებრივი კიტრის ყვავილის ფერია, თუმცა პატარა და ბევრად ლამაზი.
- გემო როგორი აქვს, ჩვეულებრივ კიტრს ჰგავს?
- პატარ-პატარა და მოკლე კიტრი რომ არის, პიკული, ზუსტად ისეთი გემო აქვს და ხრაშუნობს, კანიც კიტრივით მაგარი აქვს.ზომით ზეთისხილისხელაა, შესახედავად საზამთროს ახალგამოსხმულ ნაყოფს უფრო მაგონებს, ვიდრე კიტრს. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებს, უმრავლესობას თავდაპირველად მართლა ახალგამოსხმული საზამთრო ჰგონია, მერე დავაგემოვნებინებ ხოლმე და ვისმენ ოვაციას, მაყრიან კითხვებს...