ბუნებრივი აირის გაჟონვით დაღუპულთა და მოწამლულთა სტატისტიკამ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება აიძულა.
ბოლო საბაბი ისანში 7 მუშის დაღუპვა გახდა, რომლებიც ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლიდან გაჟონილი აირით მოიწამლნენ. რამდენიმე ხანში სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარების ახალი რეგულაციები მიიღო, რომელთა თანახმად, სასიცოცხლო რისკის შემცველი ღიაკამერიანი გაზდანადგარების ჩაჭრა გადაწყდა. რეგულაციების შემოღების პირველივე თვეს, აპრილში, მხოლოდ დედაქალაქში 7281 ღიაკამერიანი დანადგარი ჩაიჭრა.ღონისძიების აუცილებლობის მიუხედავად, სარისკო დანადგარების ჩაჭრა სპეციალისტებმა გაზის კომპანიებისთვის საქმის გაიოლებად ჩათვალეს - მათი განმარტებით, დანადგარების ჩაჭრა ვითარებას მხოლოდ ნაწილობრივ შეცვლიდა, პასუხისმგებლობის ტვირთი კი მხოლოდ მოსახლეობას დააწვებოდა, რომელთა უმეტესობა, მათ შორის დაუსაქმებლები, 600-700 ლარად ღირებული გაზდანადგარების შეძენას ვერაფრით შეძლებდნენ. ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, გამოსავალიც საფრთხის შემცველი აღმოჩნდა: გაზჩაჭრილ მობინადრეებს მშველელად მეორადი გაზდანადგარების ბაზარი მოევლინა: მეორადი გაზდანადგარებით ათეულობით ინტერნეტმაღაზია და კერძო პირი ვაჭრობს. ეს ბაზარი, ასე ვთქვათ, კორპუსების ეზოებიდან იწყება, სადაც უკვე ხმარებიდან გამოსულ ორკამერიან გაზდანადგარებს მეგაფონებით შეიარაღებული რეალიზატორები იბარებენ.
"გიჟი ვინ არის, რომ ადამიანი მოკლას?"
ლევან მღებრიშვილი ხმარებიდან გამოსულ ტექნიკას ფონიჭალაში აგროვებს: - აქამდე მოსახლეობისგან მეორად სარეცხ მანქანებსა და მაცივრებს ვიბარებდი, წელს უკვე ცენტრალური გათბობის მეორად ქვაბებს, წყლის გამაცხელებლებსა და გამათბობლებს ვიბარებ, ოღონდ ორკამერიანს. რაც შეეხება ღირებულებას, მათში დაახლოებით 10 ლარს ვიხდი, თუმცა უკმაყოფილო არავინაა - ხალხს ეს ტექნიკა მაინც გადასაყრელად აქვს გამზადებული. ზოგი სულაც უსასყიდლოდ გვაძლევს, ოღონდაც მომაშორეთ, იქით მოგცემთ ფულსო! ჩვენ კი ამ ტექნიკაზე ბევრი შეკვეთა გვაქვს, არის ხალხი, რომელიც 50 ლარამდეც გვიხდის. გააჩნია, რას შევთავაზებთ - თუ ტექნიკა შედარებით შესახედავია, უფრო ძვირად ფასობს, მით უფრო ცენტრალური გათბობის ქვაბები. მათ შლიან და თავიდან აწყობენ. ხანდახან 2-3 ხმარებიდან გამოსული დანადგარიდან ერთი კარგი "მუშა" გამათბობელი ან ქვაბი გამოდის და შემდეგ გამათბობელი 200-300 ლარად იყიდება, ქვაბები კი 600-700 ლარი ღირს, როცა მაღაზიაში ახლის ფასი 2.000-2.500 ლარია.
- რა გარანტიაა, რომ შეკოწიწებული მეორადი ტექნიკა უსაფრთხოა?
- გიჟი ვინ არის, რომ ადამიანი მოკლას, თანაც საქმე რატომ უნდა გაიფუჭონ, კლიენტები ხომ უნდათ?
"მე საიმედოდ ვმუშაობ"
ხმარებიდან გამოსული გაზგამათბობლების ჩაბარება ონლაინსაშუალებებითაც ხდება. ლევან კაზარიანი სწორედ სოციალური ქსელით იბარებს ასეთ დანადგარებს.
- ოჯახები მოძველებული ნივთების ფოტოებს მიგზავნიან. შარშან ეს ტექნიკა გაცილებით იაფი ღირდა, მეც ვშლიდი და ნაწილებად ვყიდდი. ახლა კი ფასმა აიწია, ზოგიერთ ტექნიკაში 150 ლარსაც ვიხდი. კლიენტი ბევრი მყავს. ბევრს ინტერნეტმაღაზიებთან ურთიერთობას ურჩევნია ჩემნაირს დაუკავშირდეს.
- რა გარანტია გაქვთ, რომ მომხმარებელი თქვენგან შეძენილი მეორადი ტექნიკით არ მოიწამლება ან მალევე არ გამოვა მწყობრიდან?- მე საიმედოდ ვმუშაობ და არავინ მოიწამლება. რაც შეეხება გაფუჭებას, ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერაც გაუფუჭდება, გავუკეთებ. დანარჩენზე მე კი არა, მაღაზიები არ იღებენ პასუხისმგებლობას.
"ერთადერთი გარანტია მეორადი ტექნიკის გამყიდველის კეთილსინდისიერებაა"
მეორადი გაზდანადგარების უსაფრთხოება რომ მხოლოდ რეალიზატორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ექსპერტი ლაშა შავერდოვიც ადასტურებს:
- ახლობელი ხელოსანიც რომ მიიყვანოთ მეორადი გამათბობლის შესამოწმებლად, ვერაფერს მიხვდება, თუ დამონტაჟებული არ არის, ვერაფერს გაუგებს. შესაძლოა ხელოსანმა გამოცვლილი ჭანჭიკი დააფიქსიროს, მაგრამ მან არ იცის, დანადგარი რამდენ ხანს იმუშავებს - რამდენიმე თვეში თუ რამდენიმე დღეში გამოვა მწყობრიდან! ისიც შესაძლებელია, გამათბობელი ერთ-ორ დღეში გამოვიდეს მწყობრიდან, რომლის შეკეთება ბევრად მეტი დაჯდება, ვიდრე ახლის ყიდვა. ერთადერთი გარანტია მეორადი ტექნიკის გამყიდველის კეთილსინდისიერებაა...
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 30 სექტემბერის ნომერში