პრემიერი გიორგი გახარია მინისტრებს მოუწოდებს, ყველა ძირითადი ვალდებულება, რომელიც სამინისტროებს 2020 წლის ბიუჯეტით აქვთ, დროულად და ეფექტიანად იყოს შესრულებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.
„ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად, მაინც უნდა ატაროს. უნდა გითხრათ პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა 2020 წლის ბიუჯეტი. პირველ რიგში, ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნისა და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა, ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას და რა თქმა უნდა, მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი, ამიტომ კოლეგებო, ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია ბიუროკრატიული ხარჯების როგორც მინიმუმ, არგაზრდა და იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით, შემცირება“, - განაცხადა გახარიამ.