საკრებულომ მერიას 30 მლნ ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მისცა

თბილისის საკრებულომ მერიას 30 მილიონი ლარის სესხის აღების შესახებ თანხმობა მისცა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 - წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ წარადგინა. მისივე თქმით, 30 მილიონი ლარის სესხის აღება საჭიროა არასწორად დაგეგმილი თბილისის ბიუჯეტის დასაბალანსებლად. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა სოციალურ თემატიკას არ მოხმარდება, არამედ კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საერთაშორისო ვალდებულებით აქვთ ნაკისრი და ასევე მოქალაქეებისათვის გადაუდებელ საჭიროებებს წარმოადგენს.

ხელაიას თქმით, სესხი ერთწლიანი იქნება და გაიხსნება საკრედიტო ხაზი. თბილისის მერის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ტენდერებიდან დარჩენილი თანხები საშუალებას მისცემს მას, რომ 30 მილიონი ლარის სესხი სრულად არ იყოს ათვისებული.

საკრებულოს სხდომაზე სესხის აღებასთან დაკავშირებით საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.