„97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი, ვგეგმავთ შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა და გავუშვათ ბუნებრივი აირი"

97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი, ვგეგმავთ შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა და გავუშვათ ბუნებრივი აირი, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ეს აქცენტები და პრიორიტეტები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტშიც აისახა.

„2 ძირითადი მიმართულებაა, რასაც გამოვყოფდი. ერთი - ეს არის კაპიტალური პროექტების დაჩქარება იმ მიზნით, რომ ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა დაჩქარდეს ქვეყანაში. მეორე მიმართულება, უფრო სპეციფიური ჩვენი სამინისტროსთვის, ეს არის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. საუბარი გვაქვს განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობაზე. კონკრეტული პროგრამებიდან, პირველ რიგში, გამოვყოფდი გაზიფიცირების პროგრამას, რომელიც წელს დაიწყო. 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. აქ ჩვენს ბიუჯეტს ემატება 20 მილიონი ლარი და ჯამში 60 მილიონ ლარს შეადგენს გაზიფიცირების ბიუჯეტი. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა, გავუშვათ ბუნებრივი აირი. ეს ნიშნავს, რომ გაისად სულ მცირე 17 000 ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. მეორე მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან ეს პრობლემა არსებითად მოგვარებული იქნება.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.