ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო 2020 წელს 1040 დევნილი ოჯახისთვის ახალ ბინებს ააშენებს. ამის შესახებ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბინების მშენებლობა ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში იგეგმება.
„მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ სამინისტროს აქვს, ეს არის დევნილთა უზრუნველყოფა საბინაო პირობებით. 2020 წლის განმავლობაში, ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი ახალი მშენებლობების ნაწილში იზრდება კიდევ 10%-ით. ჩვენ გავაგრძელებთ ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში 1040 დევნილისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გაგრძელდება ტურისტულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძირითადი აქცენტი მოსახლეობის საჭიროებებზე გაკეთდება.
„მოგეხსენებათ, რომ ასევე ჩვენი სამინისტრო აქტიურად აწარმოებს ტურისტულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამაში შედის როგორც სპორტული მოედნები, რა თქმა უნდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი მომსახურების ცენტრების გაკეთება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე გაგრძელდება. ასევე გავაგრძელებთ სოფლის პროგრამას, რომლის ფარგლებში ჩვენ ვიხილეთ 5000 პროექტი, რომელიც მოსახლეობამ თვითონ გადაწყვიტა, მათ საჭიროებებზე დაყრდნობით. ეს პრიორიტეტები არის მთავარი, თუმცა ასევე ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით, მოსახლეობასთან პირდაპირ, ღია შეხვედრებიდან მოსმენილი პრიორიტეტებიდან გავხადოთ ბიუჯეტი უფრო მეტად მოქალაქეებზე ორიენტირებული“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.