გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაფინანსება დაავალა

ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მისივე განცხადებით, პროექტი 4-წლიანი იქნება.

„რეგიონებში ხალხთან შეხვედრების, საუბრის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არ არის კატასტროფულად დიდი თანხები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მოეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავი რომ დავანებოთ მოქალაქეების ინტერესებს. იქედან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდება მეტი მიწა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიოვობაში. ბატონო ვანო, მიიღეთ ეს დავალებად, რომ როგორმე 4-წლიანი პროგრამის დაფინანსება დავიწყოთ“, - მიმართა გახარიამ ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს.